2020 წელს დაგეგმილია, როგორც ახალი საპოლიციო შენობების, ასევე მეხანძრე-მაშველებისთვის ახალი დეპოების მშენებლობა, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს თბილისში ახალი დროებითი დაკავების იზოლატორი გაიხსნება, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტებით.
„გაგრძელდება საპოლიციო ტექნიკისა და ტექნოლოგიების განახლება. ასევე სათანადო ყურადღება დაეთმობა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის განვითარებას. მოგეხსენებათ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების მიზნით, არამედ მართლწესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, მიმდინარეობს თუ არა მეხანძრე-მაშველებისთვის ავტო-ტექნიკის განახლება, რაზეც გომელაურის მოადგილემ დადებითი პასუხი გასცა.
„ჩვენ 2019 წლის დეკემბრამდე მივიღებთ ახალ, თანამედროვე, ძალიან მაღალი ხარისხის 5 ტონის მოცულობის სახანძრო ტექნიკას „მაგირუსის“ მარკის. ასევე შეძენილია უნიფორმები და მიმდინარეობს სამინისტროში ზამთრის ფორმების შემოსვლა. შეძენილია როგორც ტყის ხანძრების მიმართულებით ტექნიკა, ასევე სხვა კუთხითაც“, - დასძინა ლევან კაკავამ.