შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, მისი უწყების პრიორიტეტი 2020 წლის ბიუჯეტით ის პროგრამები იქნება, რომელიც დარგობრივი სამინისტროების ბიუჯეტებში არაა გაწერილი.
როგორც ციხელაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მხარდაჭერა და ასევე შეიარაღებული კონფლიქტისა და საბრძოლო მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, ექსჰუმაციისა და იდენტიფიცირების ხარჯები.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენს მიერ შემუშავებული შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის პროგრამული ხარჯები არის უმეტესწილად დარგობრივი სამინისტროების ბიუჯეტებში გაწერილი. უშუალოდ სახელმწიფო მინისტრის ბიუჯეტში კი პრიორიტეტულად ისეთი საკითხები რჩება, რომელიც არცერთი სხვა ხაზით არ იფარება. კერძოდ, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მხარდაჭერა, ეს ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს. ასევე, შეიარაღებული კონფლიქტისა და საბრძოლო მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, ექსჰუმაციისა და იდენტიფიცირების ხარჯები. ასევე ჩვენს არაქართულენოვან მოსახლეობაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჩვენი უნიკალური ეთნიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ცნობიერების ამაღლება და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიები“, - განაცხადა ციხელაშვილმა.