"სურსათის სააგენტოს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის, დაცული ტერიტორიების სააგენტოების თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკა გაუმჯობესდება"

„გაუმჯობესდება სააგენტოების რიგითი თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკა - რეინჯერების, იმ ადამიანების, რომელთაც საკმაოდ სახიფათო საქმის შესრულება უწევთ საველე პირობებში“, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა გარემოსდაცვითი მიმართულებების შესახებ.

„გარემოსდაცვითი მიმართულებების პროგრამის ზრდის 5-იანი განაკვეთი შენარჩუნებულია 2020 წელსაც, ეს არის ჩვენი პირობა ამ მიმართულებების მხარდაჭერის კუთხით. აქ პრიორიტეტულია ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციების გაძლიერება, რათა უზრუნველვყოთ გარემოსდაცვითი მიმართულებების გაუმჯობესება - უკანონო მოპოვება ტყეში წიაღისეული რესურსების, ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია. ჩვენი ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების გეოგრაფიის ზრდა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სოფლად ახალი ეკონომიკური საქმიანობის გაჩენა, რადგან დაცულ ტერიტორიებზე ჩვენ ვახდენთ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამასაც დაცული ტერიტორიების სააგენტო გაითვალისიწინებს. გაგრძელდება ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაცვის მიმართულებთ დამატებითი ღონისძიებებიც“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, გაგრძელდება სხვადასხვა სააგენტოს რიგითი თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკაც.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ გაუმჯობესდება ჩვენი სურსათის სააგენტოს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის, დაცული ტერიტორიების სააგენტოების რიგითი თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკა - რეინჯერების, იმ ადამიანების, რომელთაც საკმაოდ სახიფათო საქმის შესრულება უწევთ საველე პირობებში. რა თქმა უნდა, ეს არის ასევე ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში დღის წესრიგის შესრულება და ამ მიმართულებით იქნება ამ სამსახურების შესაძლებლობების განვითარება შენარჩუნებული“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავითაშვილი შეეხო მიწის მართვასაც, რომელიც უმნიშვნელოვანესია.

„მიწის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, 2019 წელს მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, გათვალისწინებულია ამ ახალი სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწის და ზოგადად, მიწის ბალანსის შენარჩუნებაზე იმუშავებს და იმუშავებს მიწის, როგორც სტრატეგიული რესურსის სწორად გამოყენებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.