"იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ზრდა არის სულ რაღაც 0,1 პროცენტი, ჩვენი 5%-იანი ზრდა არის ძალიან ამბიციური და გამბედავი განაცხადი"

„ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დავგეგმეთ. ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული გამომწვევებიდან გამომდინარე, ეს გამბედავი განაცხადია.

„ხშირად ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ოპონენტები ორნიშნა ზრდასაც ახსენებენ, მაგრამ ჩვენ რომ გავითვალისწინოთ ის რეგიონული ტენდენციები და ზოგადად, მსოფლიო ტენდენციები, დამერწმუნეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ზრდა არის სულ რაღაც 0,1%, 5%-იანი ზრდა, ეს არის ძალიან ამბიციური და გამბედავი განაცხადი. ჩვენ წელს უპრეცედენტოდ მაღალი 16-მილიარდიანი ბიუჯეტი გვექნება. ამ პირობებში მიმდინარე ხარჯები იქნება 11 მილიონი, ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე მიემართება 3,7 მილიონი. თუმცა, აქ ყველაზე მთავარია, რომ ის პროცენტული თანაფარდობა დანახარჯებსა და კაპიტალურ ხარჯებს შორის, რასაც ჩვენ ბოლო წლებში მივაღწიეთ, არის 23%-ის მიდამოში. ვალის დაფარვის ხარჯები 1 მილიარდი ლარი იქნება, მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 48.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობა - 45%", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი არის ერთი მხრივ სოციალურ პასუხიმგებლობაზე ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად, ისეთი ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და არ შეაფერხებს განვითარებას, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას.გაზიარება