აჭარის მთავრობის სხდომაზე, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი „ოცნების ქალაქის“ მიმდინარე პროექტს გამოეხმაურა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
„მინდა გამოვეხმაურო გუშინ გამართულ შეკრებას ე.წ. ოცნების ქალაქში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა: ჩვენ მივიღეთ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო იმ მძიმე სოციალური მდგომარეობით, რომელიც ჩვენ იქ ადგილზე გასვლისას დაგვხვდა. ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა და ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება. ამავე დროს მინდა, კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მათ შორის „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით, რომ ეს დასახლება გადაიქცევა ნამდვილ „ოცნების ქალაქად“, რა თქმა უნდა, უპირობოდ იქნება შესრულებული. გადაწყვეტილების მიღებისთანავე გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობის დაწყებისთვის. დღეის მდგომარეობით უკვე პროექტირება დასრულებულია, ძალიან მალე გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და დავიწყებთ მშენებლობას. რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, ამ ნაწილში მთლიანად გუნდი არის ერთიანი და წლევანდელ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 4 მილიონი ლარი მშენებლობისთვის და ასევე, მომავალ წელსაც არსებობს შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ და ჩვენვე მივიყვანთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო 1000-მდე ბავშვის იმ მდგომარეობაში ყოფნა. შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით ყველა უსახლკარო მიიღებს ბინას და არავის მივცემთ უფლებას, არც პოლიტიკოსებს და არც არაპოლიტიკოსებს, რომ ნიველირება მოახდინონ ან ჩრდილი მიაყენონ ამ გადაწყვეტილებას. ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრებს ვთხოვ, რომ კიდევ უფრო მეტი კონტროლი გაუწიონ იქ მიმდინარე პროცესებს, და კიდევ უფრო უკეთ იქნას ახსნილი, როგორც დღეს არსებული მდგომარეობა, ასევე დაგეგმილი ღონისძიებები“ , - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის სხდომაზე აჭარაში საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ასევე, განიხილეს სოფლის მეურნეობისა და განთლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებები.
სხდომას აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ქედის მუნიციპალიტეტში მოღვაწე პედაგოგები ესწრებოდნენ.