საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი- 69-ე ადგილი

საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობა, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 3 პოზიციით გაუმჯობესდა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უახლესი, 2014-2015 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ (The Global Competitiveness Report) მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 69-ე ადგილზეა. მას 4,22 ქულა გაქვს. 2013-2014 წლის ინდექსის მიხედვით კი რეიტინგში 72-ე ადგილს იკავებდა.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს დაწინაურება განაპირობა შემდეგი ფაქტორების გაუმჯობესებამ:

ძირითადი მოთხოვნები

(Basic Requirements) – საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 57-დან 48-ე პოზიციაზე გადმოინაცვლა. კომპონენტზე გავლენა იქონია საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებამ შემდეგ მაჩვენებელში: მაკროეკონომიკური გარემო – გაუმჯობესდა 13 პოზიციით და 61-ე ადგილიდან 48-ზე გადმოინაცვლა.

ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორები (Efficiency Enhancers) – გაუმჯობესდა 7 პოზიციით და 86-ე ადგილიდან 79-ზე გადმოინაცვლა.

ტექნოლოგიური მზაობა (Technological readiness) - გაუმჯობესდა 1 პოზიციით და 68-ე ადგილიდან 67-ზე გადმოინაცვლა.

საფინანსო ბაზრის განვითარება

(Financial market development) - გაუარესდა 1 პოზიციით და 75-ე ადგილიდან 76-ზე გადმოინაცვლა.

ბაზრის ეფექტიანობა

(Goods market efficiency) - გაუმჯობესდა 7 პოზიციით და 67-ე ადგილიდან 60-ზე გადმოინაცვლა.

უმაღლესი განათლება და ტრეინინგი (Higher education and training) - იმავე პოზიციაზეა და ინარჩუნებს 92-ე ადგილს.

ინდექსის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს ყველაზე პრობლემატურ საკითხად მიიჩნევა განათლებული მუშახელის შეუსაბამობა (Inadequately educated workforce) – 20,2 ნიშნული, ფინანსებთან ხელმისაწვდომობა (Access to financing) – 18,8; ინფრასტრუქტურის არასაკმარისი მიწოდება (Inadequate supply of infrastructure) – 10,4 და სხვა.

განვითარების შეფასების მიხედვით, საქართველოს კვლავ ეფექტიანობით მამოძრავებელი (Efficiency Driven) ქვეყნის სტატუსი აქვს.

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა - სლოვენია (70-ე ადგილი), უკრაინა (76-ე ადგილი), ხორვატია (77-ე ადგილი), საბერძნეთი (81-ე ადგილი), მოლდოვა (82-ე ადგილი), და ა.შ. აღნიშნულ რეიტინგში პირველი ადგილი შვეიცარიას უკავია 5,70 ქულით. პირველ ათეულში არიან ასევე შემდეგი ქვეყნები: სინგაპური, აშშ, ფინეთი, გერმანია, იაპონია, ჰონგ-კონგი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი.

გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ყოველწლიურად მზადდება. აღნიშნული მოხსენება იკვლევს ფაქტორებს, რომელებიც ეროვნული ეკონომიკის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.