მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო 20 ივნისის ღამეს დაზარალებულებზე, მათ შორის მაკო გომურზე ზრუნვის პასუხისმგებლობას არ იხსნის

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო 20 ივნისის ღამეს დაზარალებულებზე, მათ შორის მაკო გომურზე ზრუნვის პასუხისმგებლობას არ იხსნის, რაც შეეხება მის სამართლებრივ სტატუსს, ეს სამართალდამცველების და სასამართლოს დასადგენი საკითხია. მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც მაკო გომურის, ისე რამდენიმე დაზარალებულის მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ დაფარა. კითხვაზე, მისი შეფასებით არის თუ არა მაკო გომური დაზარალებული და რატომ არ აქვს მას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, რომ ეს საკითხი მისი კომპეტენცია არ არის.

„მაკო გომური, როგორც ახალგაზრდა გოგონა, ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. მის გარდა კიდევ არაერთი ჩვენი თანამოქალაქე დაზიანდა 20 ივნისის ღამეს და მათ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ. ყველა ამ ადამიანის ბედი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მაკო გომურის, ასევე რამდენიმე სხვა პაციენტის მკურნალობის ხარჯები სახელმწიფოს მიერ იქნა ანაზღაურებული და შესაბამისად ამაზე ზრუნვის პასუხისმგებლობას და ვალდებულებას სახელმწიფო არანაირად არ იხსნის, ისევე როგორც სხვა დაზარალებულ პირებზე. რაც შეეხება მის სამართლებრივ სტატუსს, ეს უკვე სამართალდამცავების და სასამართლოს დასადგენი საკითხია და მე მათ კომპეტენციაში ვერ შევალ. ჩვენ ყველანი დავზარალდით იმ მოქმედებებით, რაც ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური სტატუსის მქონე ადამიანებმა განახორციელეს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.