“რეცეპტომანია” პატარა აფთიაქებს ჩაძირავს?

”რეცეპტების შემოღება შეეხება ყველას, უბრალოდ, დიდი ჰოლდინგი გაუძლებს და პატარები - ვერა”.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, მედიკამენტების რეცეპტით გაცემის სისტემის ამოქმედებამ, შესძლოა, არაქსელურ აფთიაქებს სერიოზული ფინანსური პრობლემა შეუქმნას. სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნულ რეგულაციას მსხვილი კომპანიები გაუძლებენ, პატარა აფთიაქები კი ჩაიძირებიან. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რეცეპტის ინსტიტუტის შემოღება ფარმაცევტულ ბიზნესს არ აზარალებს, უბრალოდ, ერთი სახის მედიკამენტის გაყიდვა შემცირდება, მეორისა კი (ურეცეპტოდ გასაცემის) გაიზრდება.

როგორც ცნობილია, პირველი სექტემბრიდან მედიკამენტების დიდი ნაწილის ყიდვა მხოლოდ რეცეპტით არის შესაძლებელი. სამინისტროს ეს გადაწყვეტილება აგვისტოს მთავარი მოვლენა გახდა. მოსახლეობა რეცეპტის შემოღებამ ისე შეაშინა, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე აფთიაქებში მედიკამენტების ყიდვის მსურველთა რიგები დადგა. ცეცხლზე ნავთი დაასხა ფარმაცევტული კომპანიების ”ესემეს” შეტყობინებებმა, რომლებიც მოსახლეობას მედიკამენტების მარაგების შექმნისკენ მოუწოდებდა.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კი საზოგადოება დაამშვიდა და განაცხადა, რომ მედიკამენტები არ გაძვირდება, მეტიც, არც მათი დეფიციტი და არც მათი შეძენის პრობლემა არ შეიქმნება. სამინისტროში იმასაც განმარტავენ, რომ მედიკამენტების ამა თუ იმ ჯგუფისთვის მიკუთვნება დინამიკური პროცესია და ხორციელდება გვერდითი მოვლენების შესწვლასთან ერთად. ამ მიდგომით კი, როგორც მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, ბოლო სამი კვირის განმავლობაში 300-ზე მეტი მედიკამენტი გადავიდა მეორე ჯგუფიდან მესამე ჯგუფში, 160-მდე მედიკამენტი კი - მესამედან მეორე ჯგუფში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეცეპტების ინსტიტუტის აღდგენას მომზადებული შეხვდნენ სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც საათობრივი მონიტორინგი ხორციელდება. ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან უკვე სამი დღე გავიდა. სექტემბრის პირველ ორ დღეს თბილისის აფთიაქებში უკვე სიხალვათე იყო. კანტიკუნტად გამოჩენილი მომხმარებელი, ძირითადად, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს ითხოვდა და იმასაც ძალიან მცირე ოდენობით.

განსაკუთრებული სიმცირე არაბრენდირებულ აფთიაქებში შეიმჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მედიკამენტი ასეთ აფთიაქებში უფრო იაფი ღირს, ვიდრე ქსელურში, მომხმარებელი წამლის შეძენას მაინც დიდ აფთიაქებში ამჯობინებს. შესაბამისად, სპეციალისტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედება განსაკუთრებით პატარა აფთიაქებს დააზარალებს.

”სხვადასხვა რეგულაცია გარკვეულ სირთულეებს ყოველთვის უქმნის ბიზნესს და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება. საბოლოოდ, ჰოლდინგური ბიზნესი ამით ნაკლებად დაზარალდება, ვიდრე დამოუკიდებელი სააფთიაქო ბიზნესი. მიზეზი მარტივია - ჰოლდინგი, რომელიც თავის სისტემაში სამედიცინო სერვისებს ფლობს, თავის სააფთიაქო ქსელს უფრო მარტივად უზრუნველყოფს პაციენტებით, ვიდრე მცირე აფთიაქები. უსამართლო კონკურენცია გამწვავდება და ის ყოველთვის აზარალებს ბიზნესს და საზოგადოებას. იმის ალბათობა, რომ დამოუკიდებელი აფთიაქები დაიხუროს, რეალურად არსებობს. რეცეპტის შემოღება შეეხება ყველას, უბრალოდ, დიდი ჰოლდინგი გაუძლებს და მცირე აფთიაქები - ვერა. არაჰოლდინგური აფთიაქების გადარჩენა რთული იქნება, რადგან მას დიდი ინვესტიცია დასჭირდება”, - განუცხადა ”რეზონანსს” ჯანდაცვის კონსულტანტმა თინა ტურძილაძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძეს. იგი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია არც მცირე და, მით უფრო, არც ქსელურ ფარმაცევტულ ბიზნესს არ დააზარალებს.

”ახალი რეგულაციების შემოღებამ არა მგონია, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს პრობლემები შეუქმნას. ასევე არც ის მგონია, რომ რეცეპტებმა მედიკამენტების მოხმარების მოცულობაზე იმოქმედოს. შეიძლება გარკვეული ტიპის მედიკამენტების მოხმარება და გაყიდვის შემცირება მართლაც მოხდეს, მაგრამ ურეცეპტო წამლების რეალიზაცია გაიზრდება.

აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბიზნესისთვის პრობლემას ვერ ვხედავ, ერთადერთი ხარვეზი, რომელიც ამ პროცესს ახლავს, ეს არის ტექნიკური პრობლემა, რომელიც აშკარად იქნება საწყის ეტაპზე - მანამდე, ვიდრე დალაგდება სიტუაცია ოჯახის ექიმსა და ფარმაცევტული პროდუქციის მომხმარებელს შორის რეცეპტის გამოწერის კუთხით. ასე რომ, რეცეპტით მედიკამენტის ყიდვა პრობლემას არ შეუქმნის არც პატარა და მით უფრო, ქსელურ აფთიაქებს. ის ნიშა, რაც არაქსელურ აფთიაქებს ეკავათ, შენარჩუნდება. მათ მომხმარებელი მუდმივად ჰყავდა და ახლაც ეყოლება”, - განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება ზოგდად რეცეპტის ინსტიტუტის შემოღებას, მას მომხმარებლისთვის გარკვეული უხერხულობა ახლავს. ”ვფიქრობ, იმ ტექნიკურ ხარვეზებზე, რაც საწყის ეტაპზე გამოვლინდება, ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებას დროულად მოახდენს, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ სფეროს, გარკვეულწილად, მოწესრიგება სჭირდებოდა და ის სიახლე, რაც რეცეპტის შემოღებას უკავშირდება, ნამდვილად გასატარებელი იყო. ეს სისტემა დიდი ხანია ქვეყანაში მოშლილია და გარკვეული უკონტროლობა, ერთის მხრივ, იწვევდა მკურნალობის არასწორი გზით განხორციელებას და მეორე მხრივ, უკონტროლო იყო თავად მედიკამენტების გაცემის წესი”,- დასძინა კალანდაძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”