ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა.

„დავგეგმეთ შემდეგი წელი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა. წელს უპრეცედენტოდ მაღალი, 16-მილიარდიანი ბიუჯეტი გვექნება. ამ პირობებშიმიმდინარე ხარჯები 11 მილიარდი იქნება, ინფრასტრუქტურულ ხარჯები - 3.7 მილიარდი, თუმცა აქ მთავარია, რომ ის პროცენტული მაჩვენებლები, თანაფარდობა მიმდინარე ხარჯებისა და კაპიტალური ხარჯების, რასაც ბოლო წლებში მივაღწით, რაც არის 23%-ის მიდამოში მიმდინარე და 7-8%-ის მიდამოში კაპიტალური, შენარჩუნდება. ეს არის ერთი მხრივ, სოციალურ პასუხისმგებლობაზე აწყობილი ბიუჯეტი, მაგრამ ამავდროულად ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და არ შეაფერხებს განვითარებას. ეს პარამეტრები არის შეთანხმებული ასევე სავალუტო ფონდთან. ასევე, ჯანსაღი პარამეტრია ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, რომელიც 2.7%-ზე გვექნება 2020 წელს და ეს ციფრი უკვე შეთანხმებული იყო 2018 წელს სავალუტო ფონდთან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრმა სხდომაზე თითოეული სფერო და ბიუჯეტში არსებული კონკრეტული მაჩვენებლები მიმოიხილა. პირველ რიგში, მაჭავარიანი სოციალური ხარჯების ზრდას შეეხო.

„2020 წელს უპრეცედენტო ზრდა გვექნება სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერისთვის, როგორიც არიან პენსიონერები და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირები. პირველ ფაზაში, მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება, ხოლო შემდგომ, 1-ელი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 30-ლარიანი ზრდა იქნება, რაც ნიშნავს, რომ ისინი მიიღებენ 50 ლარით მეტ პენსიას, რაც შეადგენს 250 ლარს. მაღალმთლიან რეგიონებში ეს იქნება 300 ლარი. ასევე, უახლოეს პერიოდში შევალთ პარლამენტში ინიციატივით პენსიების ინდექსაციის შესახებ, რაც სამომავლოდაც უზრუნველყოფს სტაბილურ, პროგნოზირებად ზრდას ამ შედარებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

მაჭავარიანი შეეხო ჯანდაცვას და განაცხადა, რომ ამ სფეროში 2020 წელს უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი იქნება.

„ჯანდაცვის ნაწილშიც უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი - მილიარდ 76 მლნ ლარია. სოფლის ექიმები და სასწრაფოს სისტემა გაერთიანებდა, რაც თვისობრივად მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობთ, რომ ამით პირველადი ჯანდაცვის ეფექტურობას წამოვწევთ და ამავდროულად მოხდება სოფლის ექიმებზე ხელფასის 100-ლარიანი მატება. სასწრაფოს ექიმების ხელფასებშიც გვაქვს ზრდა.

დევნილებიც რჩებიან ჩვენს პრიორიტეტად, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება კვლავაც გაგრძელდება, ეს იქნება სოფელში ბინის შესყიდვის პროგრამა თუ უმსხვილეს ქალაქებში გადაცემული ბინები - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში და ქუთაისში. ამისთვის ნაგულისხმებია ჯამში 112 მილიონი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მინისტრი შეეხო განათლების სფეროსაც და აღნიშნა, რომ ეს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.

„განათლებაშიც უპრეცედენტო, პოზიტიურ მოვლენებთან გვაქვს საქმე. მასწავლებლების ხელფასების ზრდის პირველი ეტაპი იწყება 1-ლი ოქტომბრიდან 150 ლარის ოდენობით,ხოლო შემდეგი ზრდა იქნება მომავალ წელს, იქაც 150 ლარით. ანუ, 300-ლარიანი ზრდა ექნებათ მასწავლებლებს. ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე რეფორმას განათლებაში, ის კიდევ იძლევა საშუალებას, რომ მასწავლებლების უდიდესი ნაწილისთვის საათების გაზრდის შედეგად მოხდეს ხელფასის ზრდა. მიგვაჩნია, რომ მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი 400-ლარიან ზრდას მიიღებს. რაც შეეხება კაპიტალურ დანახარჯებს ინფრასტრუქტურაში, რაც განათლებისთვისაა ნაგულისხმები - ბიუჯეტში ეს არის დაახლოებით 280 მილიონი, დაახლოებით 26-27 სკოლაა ახალი და რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაციასთან და რემონტთან გვაქვს საქმე.

ბაღის მასწავლებლების ხელფასებშიც გვაქვს 100-ლარიანი ზრდა გათვალისწინებული, რაც წლების განმავლობაში არ მომხდარა. ასევე, გავაგრძელებთ გაუმჯობესებას ბაღებში რეაბილიტაციის და სხვა კუთხითაც“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებთან გათანაბრებულ პირებს ექნებათ 2020 წლის 1-ელი ივლისიდან 125-ლარიანი ზრდა.

„ასევე, იქნება საშტატო ერთეულების მატება, განსაკუთრებით პატრულის მიმართულებით, რათა მოდეს იმ რეგიონებისა და ადგილების დაფარვა, სადაც ეს მეტად გვჭირდება. თავდაცვის ბიუჯეტიც მნიშვნელოვნად იზრდება და მათი ხელფასების ზრდა ამ წელსვე იწყება თანდათანობით, წოდებისდა მიხედვით და ეს გაგრძელდება 2020 წელსაც. ჯამში, თავდაცვის და პოლიციელების ანაზღაურება იქნება მილიარდ 25 მილიონი ლარი“, - აღნიშნა სხდომაზე მაჭავარიანმა.

ასევე, პრეზენტაციის დროს ის შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც.

გვჯერა, რომ დაწყებული პროექტების დასრულების მერე პრაქტიკულად ახალ, თვისობრივად სხვა ეკონომიკის ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ჩქაროსნული მაგისტრალები რჩება ჩვენს პრიორიტეტად, დაახლოებით 700 მლნ ლარამდე იქნება მობილიზებული და ეს ნიშნავს დაახლოებით 175 კილომეტრ საერთაშორისო სტანდარტის გზას. შიდა გზები ასევე პრიორიტეტია და ვფიქრობთ, რომ 500 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც 600 კილომეტრზე მეტ რეგიონული მნიშვნელობის გზას გააუმჯობესებს. მუნიციპალური ინფრასტრუქტურა აღწევს მილიარდ 200 მილიონს, ამ ნაწილში არის უამრავი მუნიციპალური პროექტი და ამავდროულად, სოფლის გზებიც ამ მუხლის ქვეშ იფარება. ამას გარდა, წყლის ინფრასტრუქტურის მიიმართულებით, ჩვენი მონაცემებით, მომავალ წელს დაახლოებით 70 000 ადამიანს უზრუნველვყოფთ უწყვეტი 24-საათანი წყლის მომარაგებით და ესეც ზუსტად ამ ციფრის უკან დგას. ასევე, მნიშვნელოვანია ენერგოინფრასტრუქტურა, სადაც დიდი წილი აქვს გაზიფიცირებას, რაც წელს ასევე 20 მილიონით იზრდება და აღწევს 60 მილიონს. ვვარაუდობთ, რომ 17 ათასზე მეტ აბონენტს მივაწვდით ბუნებრივ აირს. მუნიციპალური ტრანსპორტიც პრიორიტეტად რჩება და უდიდესი წილი თბილისზე მოდის, აქაც ალბათ გვექნება მომავალ წელს განახლებული ავტობუსების ნახვის საშუალება“, - განაცხადა მინისტრმა.

ბიუჯეტის წარდგენისას ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ და მხარდამჭერ ინიციატივებზე, რომლებიც ძირითადად, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში ხდება.

„ეს არის ზოგიერთი უკვე კარგად ცნობილი პროექტები, როგორიცაა „აწარმოე საქართველო“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და ა.შ. თუმცა აქაც გვაქვს სიახლეები. გამოვდივართ მიკროგრანტების გაზრდის ინიციატივით 15 მილიონამდე და ასევე, სტარტაპების და ინოვაციებისთვის ასე ვთქვათ, დარეზერვებული იქნება 22 მილიონ ლარამდე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში დღეს ან ხვალ გაიგზავნება.

პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს
"2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზე ორიენტირებული იქნება"
მომავალ წელს სპორტის მიმართულების დაფინანსება 14 მილიონი ლარით გაიზრდება