1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი იწყება

1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი იწყება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, ტაქსების გარკვეულმა რაოდენობამ უკვე გაიარა კატეგორიზაცია. მისი თქმით, კატეგორიზაცია მინიჭებული ტაქსების 24% ა - კატეგორიაშია, ხოლო დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, ტაქსების მიმართულებით რეფორმა ამით არ სრულდება. მისივე თქმით, შემდგომი ეტაპი იქნება ის, რომელიც საბოლოო ჯამში, ტაქსის მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ლიცენზირებული გვყავდა, დაახლოებით, 26 000 სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ტაქსები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარებიან წელიწადში ორჯერ. ამის შედეგად ტექდათვალიერება გაიარა დაახლოებით 70%-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ 30% ტექნიკურად ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს. 30% რაოდენობაში უკვე, საკმაოდ მნიშვნელოვანი კლებაა. დარჩენილი 70%-ის რიცხობრივი რაოდენობის ნახევარზე ცოტა მეტმა გააკეთა კატეგორიზაცია. კატეგორიზაცია მინიჭებული ტაქსების 24% ა - კატეგორიაშია. დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 1-ელი ოქტომბერია, ალბათ, ეს ადამიანები მომდევნო დღეების განმავლობაში აპირებენ ახალი ნებართვების აღებას. ასე მოხდა გასულ წელსაც, 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი, თუმცა 10 ოქტომბრამდე მოხდა დიდი რაოდენობის ლიცენზირება. 10 ოქტომბრიდან ნოემბრის პირველ რიცხვამდე მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაოდენობის განებართვიანება. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ 1-ელ ოქტომბერს უნდა შეფასდეს, შედგა, თუ არა რეფორმა, თუმცა დღეს რა რაოდენობაც არის ა - კატეგორიაში, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა და აუცილებლდა შედგება. ჩვენი რეფორმა ტაქსების შესახებ პირველი ოქტომბრით არ სრულდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას ამ საკითხზე, ირაკლი ხმალაძის თქმით, ოპოზიცია „რამე აზრიანს თუ იტყვის", უპასუხოდ არ დატოვებს არც ერთ განცხადებას და დასმულ კითხვას.

„ქალაქში ტაქსებისთვის გამოყოფილ უფასო საპარკინგე ადგილებზე ხშირად სხვა ავტომობილებია გაჩერებული - ეს დასარეგულირებელია"
`„ჩვენ ტაქსით მომსახურებას არ ვაძვირებთ, უბრალოდ სერვისს ვაუმჯობესებთ"