მსხვილ ბიზნესში ყველაზე მაღალი ხელფასებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის II კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 11.1 მლრდ ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ – 5.7 მლრდ ლარი შეადგინა.

მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 84.4%, საშუალო ბიზნესი – 6.3%, მცირე ბიზნესი – 9.3%.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში, სადაც მსხვილი ბიზნესის წილად - 83.2%, საშუალო ბიზნესის წილად - 7.5%, ხოლო მცირე ბიზნესის წილად ისევ 9.3% მოდის.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში 233.2 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ლომის წილი - 78.9 % ისევ მსხვილ ბიზნესს ეკუთვნის. საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 507.6 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 39.8% ქალია, ხოლო 60.2% - კაცი.

საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 856.1ლარი, მათ შორის ქალების - 614.4 ლარი.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1014.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 680.2 ლარი, მცირე ბიზნესი – 466.1 ლარი.

საქმიანობის სახეების მიხედვით, საწარმოთა მთლიან ბრუნვაში ლიდერობენ ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი.