2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წლის პირველი იანვრიდან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება, ხოლო პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და შშმ ბავშვები კიდევ 30 ლარით გარზდილ სოციალური პაკეტს მიიღებენ.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალური მუშაკების და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების თანამშრომლების ხელფასების ზრდაც. ასევ, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 65 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.
„ჩვენი სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. იგეგმება ყველაზე მასშტაბური დაკანონების პროექტის განხორციელება, რომელიც 2500-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ითვალისწინებს, “ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება მოქალაქეებზე და ისეთი მიმართულებების გაძლიერებაზე, როგორიც არის ხარისხიანი და მაღალ სტანდარტზე ორიენტირებული საყოველთაო ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა.