არწივით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტი გამოვლინდა

თბილისში ჩია არწივით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს.

აღნიშნული ფაქტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთ-ერთ ინტერნეტ-პორტალზე განთავსებული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გამოავლენეს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 854-ე მუხლის შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, დერივატებითა და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა ჯარიმით ისჯება.

მუხლი ასევე ითვალისწინებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციას.

სამართალდამრღვევის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები გატარდა, ხოლო ჩამორთმეული არწივი, სპეციალისტების რეკომენდაციით ველურ გარემოში, დიდგორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუშვეს.