დღეიდან, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან რამდენიმე რეგულაცია და ცვლილება შედის ძალაში.
„ბიზნესპრესნიუსი“ იმ მთავარ სიახლეებს გთავაზობთ, რაც ქვეყანაში რამდენიმე დღეში ამოქმედდება.
ტაქსის რეფორმის მე-2 ეტაპი
1-ლი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსის რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება. კერძოდ, შემოდის ტაქსის A და B კატეგორიები. ტაქსები იქნება თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლებით, რომელსაც ექნება წარწერა: „ტაქსი თბილისი“. ეს მანათობლები საჩუქრად გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. ამასთან, A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ უფასო პარკირებით ისარგებლონ.
კომპანიების ნაწილს 1-ელ ოქტომბრამდე ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება აქვთ
არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისთვის, მე-3 კატეგორიის საწარმოებმა შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები უნდა წარადგინონ. ცნობისთვის, მესამე კატეგორიის საწარმო არის სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს მოცემული სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე, ორს აკმაყოფილებს:
· აქტივების ჯამური ღირებულება არ აღემატება 10 მილიონ ლარს;
· შემოსავალი არ აღემატება 20 მილიონ ლარს;
· საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება 50-ს. (ამ დეფინიციაში შეიძლება მოხვდეს ინდივიდუალური მეწარმეც).
გარდა ამისა, 1-ელი ოქტომბრიდან იზრდება იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება
დღეიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზეც ამოქმედდება. ცნობისთვის, პირველი საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის, ლესელიძის ქუჩაზე განხორციელდა. ადგილობრივ მოსახლეობას ვებ-გვერდის ან საინფორმაციო ჯიხურის საშუალებით შეუძლიათ ავტომობილი დაარეგისტრირონ და უფასო პარკირებით ისარგებლონ. ასევე უფასო პარკირება ვრცელდება შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება სხვა პირებს, პირველი 15 წუთი უფასო იქნება, ხოლო შემდეგ ყოველი 1 საათის საფასური 1 ლარი იქნება.