საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მინისტრის მოადგილეების დონეზე შედგა, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.

როგორც თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობაზე. ასევე განიხილეს სამოქმედო გეგმის პირველი - საკანონმდებლო ფაზის შესრულებისა და მეორე - საიმპლემენტაციო ფაზაზე გადასვლის საკითხები.

როგორც თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით განსაზღვრული ვალდებულებები, კერძოდ, მიღებული იქნება 45-მდე საკანონმდებლო ცვლილება და 30 კანონქვემდებარე აქტი, 8 სტრატეგია და განხორციელდა 7 საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება.

"წინასწარი დასკვნებით, ევროკომისია პოზიტიურად აფასებს საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის მეორე ანგარიშზე, რომელიც საფუძვლად დაედება ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე საიმპლემენტაციო ფაზაზე გადასვლას", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგი ოფიციალურად 2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა, ხოლო 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს მთავრობას გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.