ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს, 14:00 საათზე, ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველი დირექტორი კენეტ ანჯელი, ამერიკული კომპანიის ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელი ჯეიმს ო’ბრაიანი, ნიდერლანდური კომპანიის ROYAL HASKONING-ის წარმომადგენელი დირკ იან პიტერსი და „ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს" პრეზიდენტი მამუკა წერეთელი.
ასევე, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.
„ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს განახორციელებს „პეის ჯგუფი“, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.
პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC-ის მიერ საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.
აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC-ის ინვესტიციაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.