„ბოინგ 737 მაქსის“ ავარიების მთავარი მიზეზი ცნობილია

The Wall Street Journa-ის ინფორმაციით, „ბოინგ 737 მაქსზე“ მომუშავე ინჟინრებს, ფრენის კონტროლის სისტემაზე მუშაობისას რამდენიმე იმ სენსორის დაყენება გამორჩათ, რომლებიც სისტემის ადრეულ ვერსიაზე მუშაობდა. ეს ადრეული ვერსია პირველად სამხედრო საჰაერო ტანკერზე გამოიყენეს და ის ყოველგვარი პრობლემის გარეშე მუშაობდა.

მანევრირების მახასიათებლების გაუმჯობესების სისტემა (MCAS) 10 წლის წინათ შეიმუშავეს და ის მხოლოდ საჰაერო ტანკერებისთვის იყო განკუთვნილი. სისტემა მრავალი სენსორისგან ღებულობს სხვადასხვა ინფორმაციას, რომლებსაც კომპიუტერი გადაამუშავებს და ამ ყველაფერს, თვითმფრინავის ცხვირისთვის სასურველი დახრის მისაცემად იყენებს.

როგორც გამოცემას ამ სისტემის მცოდნე პირმა შეატყობინა, სისტემა MCAS-ის დანიშნულება ისაა, რომ პილოტის მიერ თვითმფრინავზე კონტროლის დაკარგვის, ან არასწორი ქმედების შემთხვევაში, ავტომატურად იმოქმედოს და თვითმფრინავის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

მაგრამ „737 მაქსზე“ ამ სისტემას მხოლოდ ერთი ან ორი ის სენსორი ემსახურება, რომლებიც თვითმფრინავის ცხვირის ნაწილის დახრას ზომავენ. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, ამერიკული კომპანია „737 მაქსზე“ MCAS-ის იმ ვერსიას გამოიყენებს, რომელიც საჰაერო ტანკერს ემსახურება.

„ბოინგს“ ადრე დადასტურებული აქვს, რომ „737 მაქსის“ ორი კატასტროფის მთავარი საერთო მიზეზი, MCAS სისტემის სენსორების არასწორი მუშაობა გახდა. შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში „ლაიონ ეარის“ და ეთიოპიაში „ეთიოპიან ეარის“ კუთვნილი „ბოინგ 737 მაქსის“ კატასტროფებს, ჯამში 346 ადამიანი ემსხვერპლა.