საბერძნეთი თურქეთში ათასობით მიგრანტის გაბრუნებას აპირებს

საბერძნეთის მთავრობა კუნძულ ლესბოზე არსებული მიგრანტების ბანაკებიდან თურქეთში ათასობით მიგრანტის გაბრუნებას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ საგანგებო სხდომის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ლტოლვილებით გადავსებულ ბანაკებში არსებული მძიმე სიტუაციის შემსუბუქების მიზნით, ათენი 2020 წლისთვის თურქეთში 10 000 მიგრანტს დააბრუნებს.

მთავრობის სხდომის მოწვევის მიზეზი გუშინ, მიგრანტთა ბანაკში გაჩენილი ხანძარი გახდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 17 ადამიანი. „მორია“ ლტოლვილთა უდიდესი ბანაკია ევროპაში. ის 3 500 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ბანაკს 13 000 მიგრანტი აფარებს თავს.

2015 წლიდან დღემდე საბერძნეთში 70 000 მიგრანტია ჩასული. მათი უმეტესობა სირიელი ლტოლვილები არიან, რომლებიც ქვეყანაში მეზობელი თურქეთის გავლით ჩავიდნენ.

ევროკავშირის კომისარი მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი გერმანიისა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად უახლოეს დღეებში თურქეთსა და საბერძნეთში ვიზიტს და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავს.

სექტემბრის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ საბერძნეთს მიგრანტების თურქეთში რეპატრიაციისკენ, თურქეთს კი - 2016 წლის ევროკავშირ-თურქეთის პაქტის პატივისცემისკენ მოუწოდა, რომელიც თურქეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს, სანაცვლოდ კი თურქეთი მისი ტერიტორიიდან ევროპაში უკანონოდ შესულ მიგრანტებს უკან მიიღებდა.