მზად ვართ, პრობლემები, რომლებსაც ჩვენც ვხედავთ და თქვენც ხედავთ, დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოთ, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
პრემიერი ექსპერტებთან შეხვედრაზე 2020 წლის ბიუჯეტს და მის პარამეტრებს განიხილავს.
"გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა ამ ფორმატში შეხვედრები, რაც გამოსასწორებელია. დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. არ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს ობიექტური შეფასება გავაკეთოთ ცალკე და დამოუკიდებლად. ამ პროცესში აბსოლუტურად ღიად მზად ვართ, რომ ჩართული იყოს პროფესიული საზოგადოება, ექსპერტები და შესაბამისად ამით ვადასტურებთ იმას, რომ მზად ვართ საკმაოდ მწვავე, თუმცა ობიექტური დისკუსიისთვის. გამოსაყენებელია ეს მომენტი და ამას ვაკეთებთ დღეს იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობამ დაასრულა მუშაობა 2020 წლის ბიუჯეტზე. საკმაოდ საინტერესო, დაბალანსებული ბიუჯეტი გამოვიდა, განმსჭვალული სოციალური ფასეულობებით, თუმცა ასევე დაფუძნებული ფისკალურ დისციპლინაზე. ჩვენ მოვახერხეთ მიუხედავად სოციალურ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის თვალსაზრისით გარკვეული ვალდებულებების ზრდისა, შეგვენარჩუნებინა ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯებიც. მიდგომა ძალიან მარტივია - გვესმის, რომ კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის. ასე რომ, 2019 წელს საკმაოდ კარგ ტემპს აჩვენებს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ათვისების ნაწილში და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ტემპი შენარჩუნდება და ოდნავ გაიზრდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, პრემიერის თქმით, ძირითადი ამოცანა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდაც იქნება.
„მარტივად რომ გითხრათ, ძირითად რესურსს ვხედავთ ეფექტურების ზრდის ნაწილში. არის ამის რესურსი, როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე რეგიონულ დონეზე ხარჯვით ნაწილში. მოგეხსენებათ, რეგიონულ დონეზე კაპიტალური ხარჯები მილიარდ 200 ათასზე მეტია. შესაბამისად, ყველაფერს ამას სჭირდება საკმაოდ სერიოზული კონტროლი როგორც შიდა, ასევე გარედანაც. ფაქტობრივად, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მზად ვართ ეს პრობლემები, რომლებსაც ვხედავთ და თქვენც ხედავთ, დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ჯანსაღი დისკუსიის ნაწილში დარწმუნებული ვართ, ვიპოვით იმ გამოსავალს, რომელიც პირველ რიგში იქნება ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.