ვასილ ურუშაძე - თბილისის მერის ორწლიანმა მცდელობამ „ტაქსების რეფორმა“ გაეტარებინა, შედეგი არ გამოიღო - თეთრი ფერი არაფერს ცვლის, იგივე ავტომობილები მოძრაობს

რეალურად, თეთრი ფერი არაფერს არ ცვლის, ისევ იგივე ავტომობილები მოძრაობს ქალაქში, ისევ ტექნიკურად გაუმართავი, ისევ არაკომფორტული და დაბალი კვალიფიკაციის მძღოლებით. უბრალოდ, ავტომობილების ერთი ნაწილი არის თეთრი ფერის და მეორე ნაწილი დარჩენილია რეფორმის მიღმა, - ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ურუშაძემ ტაქსების რეფორმის შეფასებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ტაქსის გამოძახებას პირდაპირპროპორციულად ზრდის ტარიფს, როდესაც გამოძახებაზე მოთხოვნა იზრდება. ამიტომ, რეფორმის შედეგად დაზრალდა ისევ მომხმარებელი, რომელსაც მოუწევს მეტის გადახდა, ვიდრე უწევდა გუშინ და ამასთან, მიღებული სერვისი იქნება იგივე.

„თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერის ამ ორწლიანმა მცდელობამ გაეტარებინათ ე.წ.ტაქსების რეფორმა შედეგი არ გამოიღო და ეს ყველასთვის თვალსაჩინოა. იმიტომ, რომ ის რეგულაციები, რომელიც თბილისის მერიამ შემოიღო, არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ამ სფეროში არსებობდა. მთავარი ამოცანა იყო გაუმჯობესებულიყო ტაქსის სერვისი ქვეყანაში და განსაკუთრებით თბილისში, თუმცა თბილისის მერიამ ნაცვლად იმისა, რომ გაეთვალისწინებინა ჩვენი რეკომენდაციები, აირჩია რეგულაციების გზა, რომელიც საერთოდ გაუგებარია. რეალურად თეთრი ფერი არაფერს არ ცვლის, ისევ იგივე ავტომობილები მოძრაობს ქალაქში, ისევ ტექნიკურად გაუმართავი, ისევ არაკომფორტული და დაბალი კვალიფიკაციის მძღოლებით. უბრალოდ, ავტომობილების ერთი ნაწილი არის თეთრი ფერის და რაღაც ნაწილი დარჩენილია რეფორმის მიღმა. ამ ტურბულენტურმა გარემომ გამოიწვია ფასების ზრდა, ძალიან მცირეა A კატეგორიის ავტომობილების რაოდენობა და მოიმატა მოთხოვნამ გამოძახებულ ტაქსებზე. შესაბამისად, ნებისმიერი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ტაქსის გამოძახებას პირდაპირპროპორციულად ზრდის ტარიფს, როდესაც მოთხოვნა იზრდება. დღეს ისევ მომხმარებელი დაზარლდა იმიტომ, რომ მოუწევს მეტის გადახდა, ვიდრე უწევდა გუშინ და სერვისი იქნება იგივე“, - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი იწყება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, ტაქსების გარკვეულმა რაოდენობამ უკვე გაიარა კატეგორიზაცია. მისი თქმით, კატეგორიზაცია მინიჭებული ტაქსების 24% ა - კატეგორიაშია, ხოლო დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

რომან გოცირიძე - დღეს ქუჩაში არალეგალურად 24 000 ტაქსი გამოჩნდება
1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი იწყება
„ქალაქში ტაქსებისთვის გამოყოფილ უფასო საპარკინგე ადგილებზე ხშირად სხვა ავტომობილებია გაჩერებული - ეს დასარეგულირებელია"