ოპოზიცია ამ ქვეყანაში იმისთვის არის, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მაოცებს ოპოზიციის განცხადებები, - ამის შესახებ განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„თურმე ბიუჯეტი ყოფილა მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ დაგეგმილი. თურმე ის, რომ მომავალ წელს 14 მილიარდამდე გაიზრდება ბიუჯეტი და ამ ნაზარდის უდიდესი წილი, 800 მილიონი ლარი მოხმარდება კონკრეტული ადამიანების და ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებას თუ არა, მათი ცხოვრების შემსუბუქებას, ეს ყოფილა თურმე მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“, - აღნიშნა ზოიძემ.
აკაკი ზოიძე გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და დაგეგმილ საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითები მოიყვანა. მისი განცხადებით, უსამართლოა ოპოზიციის შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი არააა ადამიანებზე ორიენტირებული იმ მოცემულობაშიც კი, როცა იზრდება ჯანდაცვა, სოციალური დანახარჯები და თანხები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.
„ის, რომ ეს 800 მილიონი შევა იმ ადამიანების ოჯახში, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ესენი არიან პენსიონრები, რომელთა პენსია არ ჰყოფნის ყველაზე აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას და თითოეული ლარი არის მათთვის ძვირფასი. ის, რომ 1 იანვრიდან, 220 ლარი იქნება პენსია და 1 ივლისიდან პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს ექნებათ 250 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში პენსია იქნება 300 ლარი, ექიმებს, რომლებიც სოფლებს უანგაროდ, ძალიან მცირე ხელფასის ფასად ემსახურებიან, 100 ლარით მოემატებათ ხელფასი, ესეც ალბათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოა. ის, რომ მასწავლებლებს, მომავალი წლის 1 სექტემბრიდან 300 ლარით მეტი ექნებათ ხელფასი, ესეც არ არის მოქალაქეების ინტერესების შესაბამისი. ის, რომ ჯარისკაცს და პოლიციელს მეტი დაფასება ექნება და დამატებითი თანხა შეუვა, ესეც პრობლემატური ყოფილა და ამას არ ჰქვია ადამიანზე ორიენტირებული ბიუჯეტი“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პენსიების ინდექსაციის კანონი, რომლის მიღებასაც გეგმავს ხელისუფლება, არის გრძელვადიანი და კონკრეტული გზა იმისა, რომ პენსია ქვეყანაში ღირსეული სიბერის საწინდარი გახდეს.
„შემოდის პენსიების ინდექსაციის კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს პენსიონერებს, რომ აღარ იყვნენ დამოკიდებული პოლიტიკოსების ფუჭ და ცრუ დაპირებებზე, რომლებსაც უხვად მოვისმენთ მომავალი წლიდან და მათ შორის, ჩვენი ოპონენტებისგან. რეალურად ეცოდინებათ ყოველ წელს რამდენით გაიზრდება პენსია, იმიტომ, რომ მიბმული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე და ინფლაციაზე. ეს იქნება კონკრეტული და გრძელვადიანი გზა იმის, თუ როგორ შემსუბუქდება ადამიანის ცხოვრება და როგორ ექნებათ მათ დაგროვებით საპენსიო რეფორმასთან ერთად მათ პერსპექტივა, რომ ამ ქვეყანაში პენსია გახდეს ღირსეული სიბერის საწინდარი. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენი გზა“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.