ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და არსებულის რეკონსტრუქცია დიდი ეკონომიკური ეფექტია იმ თვალსაზრისით, რომ ტვირთებში, განსაკუთრებით მშრალ ტვირთებში ძალიან დიდი ზრდა გვაქვს და ჩვენ უნდა დავახვედროთ ახალი სიმძლავრეები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ფოთში OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით განუცხადა.
ნათია თურნავა დღეს ფოთში, „პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
„ფოთში ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. პროექტს გვერდში უდგას აშშ-ს კერძო ინვესტიციების კორპორაცია, ანუ აშშ-ს მთავრობა და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასევე ჩვენი ხელისუფლება გვერდში უდგას პროექტს. პროექტი შედგება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურის და ახალი ტერმინალების მშენებლობისგან, ასევე არსებული სანაპირო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისგან. შესაძლებელი იქნება 5 მილიონ ტონამდე ნაყარი ტვირთის გადამუშავება. ეს დიდი ეკონომიკური ეფექტია იმ თვალსაზრისით, რომ ტვირთებში, განსაკუთრებით მშრალ ტვირთებში ძალიან დიდი ზრდა გვაქვს და ჩვენ უნდა დავახვედროთ ახალი სიმძლავრეები. ფოთი არის ოდითგანვე ცნობილი, როგორც შავი ზღვისპირეთის კარიბჭე“, -განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, პროექტის ღირებულებაა 120 მლნ აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC - ის ინვესტიციაა.