ირაკლი ხმალაძე - 1-ელი ოქტომბერი ტაქსის რეფორმის დასაწყისია და არა დასასრული

1-ელი ოქტომბერი ტაქსის რეფორმის დასაწყისია და არა დასასრული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა და ტაქსის რეფორმის მეორე ტალღაზე ისაუბრა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

მისი განმარტებით, ტაქსის ნებართვის მფლობელებისთვის შეიქმნება უკეთესი ეკონომიკური ბაზარი, რასაც უკვე ტაქსების რეფორმის მესამე ტალღა ითვალისწინებს.

„1-ელი ოქტომბერი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ტაქსის მანქანების კატეგორიზაციები შევიდა ძალაში და ქალაქში უკვე 2 კატეგორიად დაყოფილი ტაქსები მოძრაობს. ერთი არის A კატეგორია, რომელიც არის ვიზუალური სტანდარტით შეფერილი - თეთრი ტაქსები და B კატეგორია, რომელსაც ქუჩიდან მგზავრის აყვანის უფლება არ აქვს, შესაბამისად, ვერ იყენებს ტაქსის ნიშანს და შეუძლია შეტყობინების მიღება აპლიკაციის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.

ეს არის ცოცხალი პროცესი. 1-ელი ოქტომბერი არის რეფორმის დასაწყისი და არა დასასრული“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრი ფერის ტაქსი თვითმიზანი არ ყოფილა და მთავარი ტაქსით მომსახურების სერვისის გაუმჯობესება იყო.

ვასილ ურუშაძე - თბილისის მერის ორწლიანმა მცდელობამ „ტაქსების რეფორმა“ გაეტარებინა, შედეგი არ გამოიღო - თეთრი ფერი არაფერს ცვლის, იგივე ავტომობილები მოძრაობს
რომან გოცირიძე - დღეს ქუჩაში არალეგალურად 24 000 ტაქსი გამოჩნდება
1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი იწყება