ანაკლიის პორტის და pace terminal-ის მასშტაბები არის სრულიად განსხვავებული, ამიტომ ვერ იქნება განხილული ანაკლიის პორტის კონკურენტად, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ფოთში, pace terminal-ის ახალი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ფოთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2021 წლიდან, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილზე სულ მცირე 500 ადამიანი დასაქმდება. ცქიტიშვილის განცხადებით, სწორედ მსგავსი პროექტების სიმრავლე აქცევს რეგიონს საგარეო ვაჭრობის ნაწილად და იმედი გამოთქვა, რომ შავი ზღვის საპორტო რუკას მალე ანაკლიის პორტიც შეუერთდება.
„ჩვენთვის ნებისმიერი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებას, რეგიონის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, არის მნიშვნელოვანი. ეს პროექტი ითვალისწინებს არსებული pace terminal -ის გაფართოებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტში მონაწილეობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს განვითარების კორპორაცია. პროექტის ჯამური ღირებულება, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, 120 მილიონი დოლარია, საიდანაც OPIC - ის თანამონაწილეობა 50 მილიონი დოლარია,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, საყურადღებოა ამ თემაზე მამუკა ხაზარაძის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ pace terminal -ის პროექტი არ არის ანაკლიის პორტის კონკურენტი.
„ანაკლიის პორტს ექნება თავისი ადგილი, უახლესი ინფრასტრუქტურით, განსაკუთრებული ადგილმდებარეობით და ტექნიკური მაჩვენებლებით, ამიტომ პორტების ურთიერთდაკავშირება ალბათ არაა მიზანშეწონილი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბრალდება თითქოს სახელმწიფომ გააჩერა ანაკლიის პორტი, ვერ იქნება სერიოზულად განხილული, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და მთავრობა კონსორციუმის მიმართ მხარდაჭერას ყოველდღიური ქმედებებით ადასტურებს. მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი 15 ოქტომბრამდე მოახერხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.