ეროვნული ბანკი სრულად ფლობს ვითარებას, ფლობს ყველა აუცილებელ ბერკეტს იმისთვის, რომ საჭირო დროს მოახდინოს გარკვეული კორექტირები. სწორედ ეს გვაძლევდა ყოველთვის ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში ჟურნალისტებს განაცხადა.
„ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება ცალსახად დადებითად აისახება ლარის კურსზე და ასევე დადებითად აისახება საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკაზე, იმიტომ, რომ ეს არის 700 მლნ დოლარის რესურსი, რომელიც ისევ ჩვენს ეკონომიკას მოხმარდება, ბიზნესს, ახალ სამუშაო ადგილებს და ამავდროულად გაამყარებს ლარის კურსს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 25%-მდე შეუმცირდებათ, რის შედეგადაც დამატებით 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ. „ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რას გულისხმობდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომ დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს ეროვნული ბანკი, გვენეტაძე აცხადებს, რომ უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები შემცირდება, რაც გაცვლითი კურსის დასტაბილურებას და ინფლაციაზე ზეწოლის მოხსნას შეუწყობს ხელს.