„საჯარო დაპირებას ვიძლევი, ჩვენ მთავრობა მივალთ თითოეულ კომპანიამდე, რომელსაც შესაძლოა, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემები აქვს"

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეკონომიკის დაანონსებული 5%-ით ზრდა ამბიციური განაცხადია.

თუმცა როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ მიზნის მისაღწევად მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს.

"გეთანხმებით, რომ საკმაოდ ამბიციური მიზანია. განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ახლა რეგიონში ხდება. ჩათვალეთ, რომ მე ღია და საჯარო დაპირებას ვიძლევი, ჩვენ მთავრობა მივალთ თითოეულ კომპანიამდე, რომელსაც შეიძლება გარკვეული ბიუროკრატიული, შეიძლება სუბიექტური პრობლემები აქვს. მივალთ თითოეულამდე და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს. რა თქმა უნდა, იგივეს გავაკეთებ საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, რამეთუ მან შეძლოს უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.