შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერ იქნება ვერანაირად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პენსიისა თუ ხელფასების ზრდა არათუ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა, არამედ ის მცირე შესაძლებლობაა, რომელიც ამ ადამიანების მიმართ შეიძლება განხორციელდეს.
„2020-ის ბიუჯეტი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერ იქნება ვერანაირად. თუ ვინმე თვლის, რომ მოსყიდვაა, როდესაც პენსიონერს ვუზრდით პენსიას, მასწავლებლებს, განათლების რეფორმის ფარგლებში, ვუზრდით ხელფასს, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად, ზაფხულში ყველამ კარგად დავინახეთ, მართლწესრიგს იცავენ ქვეყანაში, მათ სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს... მე ვფიქრობ, ეს არის ის მცირე ნაბიჯი, ის მცირე შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის მომავალი. ესენი არიან ბავშვები, ჩვენი მოხუცები, ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები და ყველა საჯარო სექტორის ის წარმომადგენელი, რომლებიც ემსახურებიან მოქალაქეს - მასწავლებლები, ექიმები და პოლიციელები. მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მაშინ, როდესაც მას შეუძლია გააკეთოს შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, ამ ადამიანებს დაუდგეს გვერდით და ვუსურვებ ყველა შემდგომ მთავრობას, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იქნებიან, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგან,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.