ირაკლი კოვზანაძე ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს, რათა ფასების სტაბილურობა და ლარის კურსის გამყარება მოხდეს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნულ ბანკს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია იმისთვის, რომ ლარის კურსზე გავლენა მოახდინოს და ფასების სტაბილურობა შეინარჩუნოს.

„ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და იმუშაოს პრევენციაზე. ეროვნული ბანკი დგამს ამ ნაბიჯებს, მათ შორის დღესაც, როდესაც სარეზერვო მოთხოვნები შეამცირა, რაც გამოათავისუფლებს კომერციული ბანკებისთვის გარკვეულ სავალუტო ნაშთებს და შეამცირებს წნეხს სავალუტო ბაზარზე, ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმ ინსტრუმენტებიდან, რომელსაც ცენტრალური ბანკი დგამს“,- განაცხადა კოვზანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.