ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით, რომ დავიცვათ როგორც ლარის კურსი, ასევე ფასების სტაბილურობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა. ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა მოიწონა.
„ჩვენ სრულად გვესმის და ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლარის გაცვლითი კურსი და მასთან დაკავშირებული ფასების ზრდა. ის, რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, ის ნაბიჯები, რაც გადადგა - უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისთვის - ჩვენი მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით, რომ დავიცვათ როგორც ლარის კურსი, ასევე ფასების სტაბილურობა, რამეთუ გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. ხაზსგასმით ვამბობ, რომ ეს განხორციელდება სრული კოორდინაცით მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის. ის ნაბიჯები, რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა, სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობისას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 25%-მდე შეუმცირდებათ, რის შედეგადაც დამატებით 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ. „ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რას გულისხმობდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომ დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს ეროვნული ბანკი, გვენეტაძე აცხადებს, რომ უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები შემცირდება, რაც გაცვლითი კურსის დასტაბილურებას და ინფლაციაზე ზეწოლის მოხსნას შეუწყობს ხელს.