არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ შეფასებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სახელმწიფო საწარმოების კოლოსალური ზარალი.
როგორც ორგანიზაციაში „ბიზნესპრესნიუსს“ 2020 წლის ბიუჯეტის შეფასებისას განუცხადეს, სოციალური პროექტები მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია აქცენტის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთება.
„ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოციალური დახმარებების ზრდა 300.0 მლნ ლარით, ასევე სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებელთა, სასწრაფოსა და სოფლის ექიმების, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების ზრდა. სოციალური პროექტები მნიშვნელოვანია, თუმცა ქვეყნის განვითარებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის, გაცილებით მნიშვნელოვანია აქცენტის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთება.
ასევე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სახელმწიფო საწარმოების კოლოსალური ზარალი 805 მილიონი ლარი 2018 წელს. აღსანიშნავია რომ, მთავრობის საგარეო ვალი საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა (15,265,521 ათასი ლარი) და მომავალ წელს სავარაუდოდ, მშპ-ს 45%-ს აღწევს. არსებული ვალდებულება კი საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება ქვეყანას, მითუმეტეს, თუ ის უმეტესწილად სოციალურ პროექტებს ემსახურება,”-აცხადებენ „საზოგადოება და ბანკებში“.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა გუშინ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მოხდა. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია.
„საზოგადოება და ბანკების“ განცხადებით, 2020 წლის საქართველოს ბიუჯეტმა 14.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს (13.1 მილიარდი ლარი) 8.6%-ით აღემატება. ბიუჯეტი ყველაზე მეტად გაეზარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (378.6 მლნ ლარით), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (132.4 მლნ ლარით) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (71.6 მლნ ლარით). ასევე, საარჩევნო წლიდან გამომდინარე, საგრძნობლადაა გაზრდილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი (2.2 მლნ ლარით). ბიუჯეტი ყველაზე მეტად შეუმცირდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (5.5 მლნ ლარით).
ამასთან, 2020 წელს დაგეგმილია სახელმწიფოს ვალდებულებების ზრდა 2,755 მილიარდით (მათ შორის საშინაო ვალდებულებები გაიზრდება 900 მილიონით, ხოლო საგარეო ვალდებულებები 1,855 მილიარდით). ამასთანავე 2020 წელს იგეგმება ვალდებულებების 997,731 მილიონით შემცირება.