ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება უმუშევრობა. ვერ მოხერხდა ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან 2020 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია მიზნობრიობის ნაწილი. ამასთან, მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეტი თანხა ინფრასტრუქტურის ნაწილში იხარჯებოდეს.
„ძალიან ღია, გახსნილი, გულწრფელი შეხვედრა იყო. საუბარი შეეხებოდა არა მხოლოდ ბიუჯეტის პროექტს, არამედ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ფაქტია, რომ ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება უმუშევრობა. ვერ მოხერხდა ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა, რაც 2020-ის პროგრამით იყო დაანონსებული და ფაქტობრივად, პრობლემები იგივეა, რასაც სჭირდება ახალი სტრატეგიული მიდგომა, ახალი ცვლილებები. რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ჩვენ ვისაუბრებთ, ზოგადად, ამ ტიპის ხარჯების გაწევაზე, მანამდე მოხდეს ხარჯების მიზნობრიობის შეფასება. მანამდე რაც დავხარჯეთ, იმან გარკვეულწილად რა შედეგები მოიტანა, იმიტომ, რომ ცხადია, არ შეიძლება მიზნობრიობის გარეშე თანხების გაწევა. ასევე, ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაზე. ამ პრობლემის შესახებ სულ ვსაუბრობდი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია უკვე შედგა. ეს მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ამასთან, როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, კურსისა და ინფლაციის ნაწილში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთიანი, ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარმოადგინოს.
"პრემიერმა აღნიშნა, რომ პრობლემა არის ბევრი. მათ შორის დამეთანხმა ყველა ნაწილში, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არ არის განვითარებული, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა არ გვაქვს, მიზნობრიობის ნაწილში და ა.შ. ცხადია, აღნიშნა, რომ ან ყველაფერს გამოასწორებს, ვნახოთ" , - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 2020 წლის ბიუჯეტი იყო.