ფოთში ახალი ტერმინალის პროექტის არსი არის ის, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს, - ამის შესახებ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა განაცხადა, რომელმაც დღეს მონაწილეობა მიიღო ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
„ის ფაქტი, რომ მეტი წყალწყვის გემები შემოვლენ პორტში და პირდაპირი სატრანსპორტო კომუნიკაციის მეტი საშუალება გაჩნდება არა მარტო ევროპის ქვეყნებთან, არამედ ამერიკის კონტინენტთანაც, შესაძლებლობას იძლევა, რომ გემებმა იარონ პირდაპირ აშშ-ში და წაიღონ ის ტვირთები, რომელიც წარმოებულია ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში და სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ეს საქართველოს სატრანზიტო - სავაჭრო ფუნქციის გაზრდის ერთ-ერთი დიდი სტიმულია“, - განაცხადა წერეთელმა.
მისივე შეფასებით, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია არის მთავარი საერთაშორისო ფუნქცია, რომელიც ქვეყანას აძლევს საშუალებას ჩართული იყოს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პროცესებში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს „პეის ჯგუფი“ განახორციელებს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა.
„აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.
ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰექტარ მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მილიონი ამერიკული დოლარი OPIC - ის ინვესტიციაა.
„პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ტერმინალის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.