საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით შემცირება ამ ეტაპზე მხოლოდ კურსზე იმოქმედებს.
როგორც ძნელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმედოვნებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად კურსი შემცირდება.
„ამ ეტაპზე ძირითადად ალბათ, მხოლოდ კურსზე იმოქმედებს ეს. უნდა განვიხილოთ ერთიან ჭრილში, ეროვნულმა ბანკმა ჯერ რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, ინტერვენციები განახორციელა და ეს მესამე ნაბიჯია. პრინციპში, დღეს ყველა ინსტრუმენტია ამოქმედებული ეროვნული ბანკის მხრიდან, თუ კიდევ რამე არაა დაგეგმილი. იმედია, რომ აღნიშნული ზემოქმედებას მოახდენს და შემცირდება კურსი, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ცოტა რთულია პროგნოზირება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 25%-მდე შეუმცირდებათ, რის შედეგადაც დამატებით 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ.