პარლამენტმა სემეკის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადადო

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადადო. კენჭისყრის გადადების მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე ნარმანიას ნომინირების პროცედურა გახდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ სემეკ-ის წევრების წარდგენის უფლება აქვს.

„ჩემი განცხადება ნამდვილად არ ეხება პირადად დავით ნარმანიას. საქმე ეხება მისი წარდგენის პროცედურას. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ჩანს, სხვა პრობლემებთან ერთად, იურიდიული პრობლემაც გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის წევრების წარდგენის უფლება აქვს, მას თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება არ გააჩნია. თუ პარლამენტი ამ დადგენილებას უყრის კენჭს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა, პრეზიდენტს დავით ნარმანიას თავმჯდომარედ წარდგენის უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად პარლამენტს უფლება არ აქვს კენჭი უყაროს,” - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, შემდეგ კი კენჭისყრის გადადების შესახებ გააკეთა განცხადება.

„ვინაიდან ნომინირების პროცედურამ იურიდიული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მე გთავაზობთ, რომ ავიღოთ დამატებითი დრო კონსულტაციისთვის და გადავდოთ ეს საკითხი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს“.

დავით ნარმანია სემეკი-ს თავმჯდომარეობაზე - წამყვანი კომიტეტისგან მხარდაჭერა მივიღე და დარწმუნებული ვარ, სესიაზეც იქნება შესაბამისი მხარდაჭერა
სემეკის ინფორმაციით, პირები, რომლებიც ბინებს აქირავებენ, საყოფაცხოვრებო ტარიფს გადაიხდიან