ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - რუსეთში ალკოჰოლის მოხმარება 43%-ით შემცირდა

2003-დან 2018 წლამდე რუსეთში ალკოჰოლის მოხმარება 43%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი განცხადებით, ალკოჰოლის მოხმარების შემცირება რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის შედეგია.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ათწლეულების განმავლობაში ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება რუსეთის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო, რაც ადამიანების სიკვდილის მიზეზი ხშირად ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესამცირებლად ზომების მიღება დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, როდესაც ალკოჰოლის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი ყიდვა მხოლოდ გარკვეულ საათებში გახდა შესაძლებელი. ამასთანავე, აიკრძალა ქუჩაში ალკოჰოლური სასმელის მიღება.

ამჟამად რუსეთში ალკოჰოლური სასმელების შეძენა ღამის 11 საათამდე მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი. ამასთანავე, კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში რუსეთში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ბექა ბერიაშვილი