„ხელფასები ეზრდება არა ბიუროკრატიას, არამედ მათ, ვინც სერვისების მიმწოდებლები არიან ჩვენი მოსახლეობისათვის"

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტით ხელფასები ეზრდება არა ბიუროკრატიას, არამედ იმ ადამიანებს, ვინც მოსახლეობისთვის სერვისების მიმწოდებლები არიან. როგორც მაჭავარიანმა განმარტა, სახელმწიფო ხელფასებს, პირველ რიგში, უზრდის მათ, ვისაც უშუალო შეხება აქვს მოსახლეობასთან - ესენი არიან სასწრაფოსა და სოფლის ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები.

„ჩვენ სახელმწიფოს ვუყურებთ, როგორც სერვისების მიმწოდებელს. სახელმწიფო უზრუნველყოფს საბაზისო განათლებას, მოსახლეობის ჯანდაცვასა და მათ უსაფრთხოებას. შესაბამისად, მათთვის ხელფასების ზრდა ნიშნავს არა ბიუროკრატიასა და ჩინოვნიკებზე მიმართულ თანხებს, არამედ იმ კატეგორიის მხარდაჭერას, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას, ზრუნავენ ჩვენს განათლებასა და ჯანდაცვაზე“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა „იმედის“ ეთერში.

ამასთან, მაჭავარიანმა დასძინა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან პენსიონერები და 18 წლამდე ასაკის, I და II ჯგუფის შშმ პირები და მომავალ წელს მათთვისაც გაიზრდება პენსია ჯამში 50 ლარის ოდენობით.