მსოფლიო ბანკი საქართველოს 60 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ახალციხიდან ბათუმამდე მაღალი ძაბვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყება.

აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს 60 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს, შეღავათიანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკი გამოუყოფს.

ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის დაფინანსების შეთანხმებას დღეს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის

რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც ესწრებოდა.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს ენერგეტიკულ სფეროში. ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის ეფექტურობის, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ნოდარ ხადურის განმარტებით, პროექტი უზრუნველყოფს ქვესადგური "ბათუმის" და მთლიანად აჭარა-გურიის რეგიონების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის გაზრდას.