სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შპს „ტ და გ“-ს დამფუძნებელი და დირექტორი ტარიელ ბ. დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ტ და გ“ აწარმოებდა რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
„კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა ტარიელ ბ-მ არასრულყოფილად შეასრულა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების პირობები და მიღება-ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემების შეტანით მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამოძიება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.