საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის დიდი ნაწილი აუთვისებელია და დღეის მდგომარეობით მაღალი აქტივობა არ არის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ძნელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დაბალი აქტივობა იმაზე მეტყველებს, რომ ბიზნესის მხრიდან ამ ეტაპზე ფინანსურ კაპიტალზე დიდი მოთხოვნა არაა.
„საკრედიტო-საგარანტიო სქემაში უკანასკნელი მოვლენებიდან გამომდინარე აქცენტი გაკეთდა ტურიზმზე. რეალურად მაღალი აქტივობა არაა, რაც იმისი ნიშანია, რომ დღეის მდგომარეობით კაპიტალთან დაკავშირებით მაღალი მოთხოვნა არ იყო. იმედია, წლის ბოლომდე კიდევ იქნება განაცხადები, უნდა ვნახოთ, მაგრამ 20 მილიონიანი ფონდის ათვისება სრულად არ მოხდა,“-განაცხადა ძნელაძემ.
შეგახსენებთ, საკრედიტო - საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ 1 აპრილიდან ამოქმედდა. 2019 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 49 მილიონ ლარიანი ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი სწორედ საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის იყო განკუთვნილი. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, მიზანი კი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა.
კომერციული ბანკები სქემაში 25 ივლისიდან ჩაერთვნენ. კონტრაქტს საკრედიტო - საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ ხელი 25 ივლისს მოეწერა და სქემაში საქართველოს საბანკო სექტორში მოქმედი 12 კომერციული ბანკი ჩაერთო.