ზუკა მაისაშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია, თუმცა უკვე მოახერხა და რაჭაში, მშობლიურ კუთხეში, ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, იშვიათ რაჭულ მშრალ ღვინოს აწარმოებს.
როგორც თავად ამბობს, საკუთარ ბიზნესზე ფიქრი, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაიწყო. ამასთან, სურდა წინაპრების მიერ დაწყებული საქმე გაეგრძელებინა და მშობლიურ კუთხეში საოჯახო ტიპის ღვინის წარმოება აეღორძინებინა. თუმცა, საკუთარი ბიზნესის დაწყებაში მთავარ პრობლემას ასაკობრივი ბარიერი და თანხების მოძიება წარმოადგენდა.
ახლა უკვე ახალგაზრდა სტარტაპერისთვის პროექტი YES-Georgia გარდამტეხი აღმოჩნდა. პროექტში ჩართვის შემდეგ ზუკა მაისაშვილი YES-Georgia-ს პროქტის ფარგლებში შექმნილი „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ სტუდენტი გახდა და მოგვიანებით საწარმო „ღვინუკასთვისაც“ მოიპოვა დაფინანსება.
„სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე დამეწყო ჩემი საქმე, თუმცა ეს მარტივი არ იყო, რადგან საწყისი კაპიტალი არ მქონდა, ასაკიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ შემოსავლები არ მქონდა, ბანკისგანაც ვერ ვიღებდი სესხს. ამას ემატებოდა ისიც, რომ არც საკმარისი ცოდნა მქონდა საქმის დასაწყებად“, - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.
მისი თქმით, კონკრეტული ბიზნეს იდეა 2017 წელს მოუვიდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ რაჭაში მხოლოდ ნახევრადტკბილ ღვინოებს აწარმოებდნენ, რაც მსოფლიო ბაზრისთვის ნაკლებ საინტერესო ღვინოდ ითვლება.
„გარდა ამისა, რაჭაში 70-მდე სხვადასხვა ენდემური ჯიშის ვაზი ხარობს, რომლებიც არათუ სადმე შეგვიძლია დავაგემოვნოთ, არამედ მისი ვენახებიც კი არ არის გაშენებული, ამიტომ გადავწყვიტე, "ღვინუკას" დაფუძნება და იმ რაჭული ენდემური ჯიშების გაცოცხლება, რომელიც მივიწყებულია და მხოლოდ რამდენიმე ნერგია შემორჩენილი. ამავდროულად, ინსპირაცია ჩემი 150 წლის წინანდელი წინაპრებიც გახდნენ, რომლებიც ასევე მეწარმეობას მისდევდნენ“, - ამბობს ზუკა მაისაშვილი.
USAID-ის და ფონდი კრისტალის ერთობლივ პროექტში ჩართვის შემდეგ, ახალგაზრდა მეწარმემ ახალი ცოდნა და დაფინანსებაც მიიღო. დღეს კი, ახალგაზრდა მეწარმის „ღვინუკა“ უკვე რეალიზაციაშია და სამომავლოდ წარმოების გაფართოებასაც გეგმავს.
როგორც თავად ამბობს, უკვე არაერთი შემოთავაზება აქვს სხვადასხვა ქვეყნიდან და მის გეგმებში, ღვინის გარდა, რაჭული არაყისა და სიდრის წარმოება-რეალიზაციაც შედის.