2020 წლის თბილისის ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონ ლარამდე იზრდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონ ლარამდე იზრდება.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, 2020 წელი კიდევ უფრო ეფექტური და მასშტაბური იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

„მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განსხვავებული იყო სხვა წლებისგან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მილიარდ 75 მილიონი ლარი იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ხედავს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, ამ თემაზე ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი ცენტრალურ ხელისუფლებასთან, პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, საკმაოდ დეტალურად გავიარეთ ის პროგრამა და პროექტები, რომლებიც შეიძლება თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2020 წელს განხორციელდეს და შევთანხმდით, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იქნება კიდევ უფრო მეტი, დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ ლარამდე. მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო თბილისელების სახელით, რადგან საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა გვექნება 2020 წელს თბილისელებისთვის.

ასევე თქვენ იცით, რომ მომავალ წელს მუნიციპალიტეტი დამატებით 200 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსებს შეისყიდის. შეთანხმება მიღწეულია. ასე რომ, 2020 წელი კიდევ უფრო ეფექტური და მასშტაბური იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით,”-აღნიშნა კახა კალაძემ.