კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ტაქსების რეფორმის შემდეგი ეტაპი დაიწყება და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკასა და ტაქსების რეფორმაზე ისაუბრა.

მერის განცხადებით, უახლოეს დღეებში ტაქსების რეფორმის შემდეგი ეტაპი დაიწყება და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.

„პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ფაზა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ლიცენზირებული ტაქსები A და B კატეგორიად დაიყოს. პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის, ტაქსები სავალდებულო ტექდათვალიერებას ექვემდებარებიან წელიწადში ორჯერ, რომ რაიმე პრობლემა არ ჰქონდეთ იმ ავტომობილებს, რომლითაც ისინი ემსახურებიან ამ სერვისით მოსარგებლეებს. ტექდათვალიერების გავლის შემდეგ 30-მა პროცენტმა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ტაქსის მომსახურებაში რჩება მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 70-71 პროცენტი. ამ რაოდენობის ნახევარზე მეტს კატეგორიზაცია უკვე გავლილი აქვს, ხოლო დანარჩენი ამ ეტაპზე გადის, პროცესი გრძელდება”,- განაცხადა თბილისის მერმა.

მან საზოგადოება კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მერიამ რეფორმის ფარგლებში გამოყო უფასო ვაუჩერები, რომლის გამოყენებითაც მძღოლებს მანქანების თეთრ ფერად შეღებვა ან თეთრი ფერის ფირის გადაკვრა უფასოდ შეეძლოთ. მერმა ისაუბრა ქიმწმენდის უფასო ვაუჩერებზეც.

„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ცოტა ვაუჩერი არის აღებული ქიმიური წმენდის. ჩვენ აქაც არანაირი მოთხოვნა და გადასახადი არ გვქონია. ყოველგვარის ფასის გარეშე მძღოლებს შეეძლოთ თავიანთი ავტომობილი ყოფილიყო სუფთა. თუმცა ძალიან ცოტა ვაუჩერია აღებული. რეფორმის პროცესი გრძელდება. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ არავისთვის არ აგვიკრძალავს ტაქსით მომსახურება, უბრალოდ, ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად. A კატეგორიისთვის ფერს აქვს მნიშვნელობა, ტექდათვალიერების გავლას, მათთვის გამოყოფილია პარკირების უფასო ადგილები, აქვთ რეკლამის გათავსების უფლება და განთავისუფლებულები არიან საგადასახადოსგან“, - განაცხადა კახა კალაძემ და იქვე დასძინა რომ, რეფორმა გაგრძელდება და უახლოეს მომავალში რეფორმის დამატებით დეტალებზე ეცნობება საზოგადოებას.

„ამით არ მთავრდება, დანარჩენ სიახლეებს, თუ რას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში, მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით. ყველამ მინდა იცოდეს, რომ მთავარია ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული, როგორც თვითონ ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ამ სერვისით სარგებლობს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დრო. არსებულ სოციალურ ფონზე და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან უჭირთ ადამიანებს, შეუძლებელი იქნებოდა ამ რეფორმის ერთდროულად მიწოდება, ამას დრო სჭირდება. გარკვეული წლები, მომზადება სჭირდება, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება. მთავარი ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული, ყველაზე სწრაფი, ყველაზე სწრაფად გადაადგილება იყოს შესაძლებელი დედაქალაქში ავტობუსით, მიკროავტობუსებით და მეტროთი“, - დასძინა დედაქალაქის მერმა.