„ტრანსპორტის სფეროს მოწესრიგება საზოგადოების დაკვეთაა, ამიტომ რეფორმები განხორციელდება და ბოლომდე მივა"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპს გამოეხმაურა.

დავითულიანმა აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სფეროს მოწესრიგება საზოგადოების დაკვეთაა და თბილისის მუნიციპალიტეტი, მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ამ სფეროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად აწესრიგებს. მისივე განცხადებით, სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ტაქსებისთვის რეგულაციების შემოღება.

„პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა. რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა, მათ შორის A კატეგორიის ტაქსების, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოპონენტების ბრალდებებსაც პასუხობს. მისი ინფორმაციით, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით მონაცემები ყოველდღიურად ახლდება და მერიაში გროვდება.

„გაუგებარია ოპოზიციის წარმომადგენლები რა მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს და ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 70%-მა გაიარა. მათი 24% A კატეგორიაში მოექცა, ხოლო ნაწილის კატეგორიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ველით, რომ ბევრი მათგანი A კატეგორიის ნებართვას მომდევნო დღეების განმავლობაში აიღებს, ნაწილი კი B კატეგორიაში დარჩება,”- აღნიშნავს ბექა დავითულიანი.

საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება და იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ბექა დავითულიანის თქმით, ყველა რეფორმას და სიახლეს თან ახლავს გარკვეული ემოციები და სპეკულაციები. მისი ინფორმაციით, სპეკულაციური ფასებიც, პირველადი, სიახლით გამოწვეული ეფექტი იყო.

„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები, ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და დარწმუნებულები ვართ ამ რეფორმის მართებულობაში. საბოლოო ჯამში, აღნიშნული რეფორმის პოზიტიური შედეგებით მთელი საზოგადოება, მათ შორის ოპონენტებიც ისარგებლებენ,” -დასძინა ბექა დავითულიანმა.