დედაქალაქის რამდენიმე უბანში ელექტრომობილებისთვის ელექტროსატენები დამონტაჟდა.
აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მერმა ელექტრომობილების მფლობელებს მოუწოდა იაქტიურონ, მიმართონ მერიას, რათა მათ საცხოვრებელ სახლებთანაც მოხდეს ელექტროდამტენების დამონტაჟება.
„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან პროექტს. ეს არის ელექტროდამტენების დაყენება. ჩვენ გასულ წელს დავაანონსეთ ელექტრომობილების პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხი, ვისაც ჰყავს ელექტრომობილები უნდა მომართოს მუნიციპალიტეტს და მათი საცხოვრებელი ადგილები სადაც არის, ჩვენ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, დავუმონტაჟებთ დამტენებს, რომ მათთვისაც მოსახერხებელი იყოს. ქალაქი უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით, რაც შეიძლება ბევრი ელექტრომობილი შემოვიდეს ქალაქში. მოთხოვნები იყო და ჩვენი მხრიდანაც იყო რეაგირება. გეტყვით კონკრეტულ ქუჩებს, უბნებს, სადაც მოხდა დამტენების დამონტაჟება: ვაკეში - აბაშიძის ქუჩაზე, თაქთაქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე. გლდანში - ნოზაძის ქუჩაზე, მუხიანში - ნონეშვილის ქუჩაზე, დიდ დიღომში - თავდადებულის ქუჩაზე და ავლაბარში, 300 არაგველის მეტროს მიმდებარედ. ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ელექტრომობილებს, მათთვის უფასოა პარკირება, რადგან გამოვდივართ ისევ და ისევ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობიდან. ტრანსპორტი, მშენებლობა გავლენას ახდენს ეკოლოგიაზე. ამ ყველაფრის მოწესრიგება ხელს შეუწყობს ჰაერის გასუფთავებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მივმართავ ელექტრომობილების მძღოლებს, იაქტიურეთ, მოგვმართეთ მუნიციპალიტეტს და რა თქმა უნდა, დავამონტაჟებთ ელექტროდამტენებს თქვენს საცხოვრებელ ქუჩებზე, თქვენთვისაც დამატებითი კომფორტი იქნება, არაფერი გექნებათ გადასახდელი, ყველა ხარჯს გაიღებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი“,- დასძინა თბილისის მერმა.