2014 წლის აგვისტოში 2013 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ 3,4% შეადგინა

2014 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,5 პროცენტი, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით კი 3,4 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოს თვის ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,78 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (14,9 პროცენტი). ფასები ასევე გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (2,6 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (1,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-3,5 პროცენტი); რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 1,6-პროცენტიანი კლება, რაც აგვისტოს ინფლაციაზე -0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად განაპირობა ფარმაცევტულ ნაწარმზე ფასების 6,6-პროცენტიანმა კლებამ.

რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, საქსტატის ინფორმაციით, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,4 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,98 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (14,4%), ხილი და ყურძენი (12,2 %) და რძე, ყველი და კვერცხი (9,6 %). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-4,7 %); ტრანსპორტის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 2,8-პროცენტიანი ზრდა, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ზრდამ პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4,5 %).

ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2,6 %); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,4 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ინფლაციის ჯამურ მაჩვენებელში 0,30 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 9,9-პროცენტიანმა მატებამ.