"სემეკის თავმჯდომარის არჩევის დროს გაჩნდა კითხვები და ვიტყოდი სრულიად ლეგიტიმური"

რეგულაცია იმდაგვარი იქნება, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრების წარდგენა პრეზიდენტის მიერ მოხდება, თუმცა სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევა ვფიქრობ, რომ თავად კომისიის წევრების პრეროგატივა უნდა იყოს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიორგი კახიანის თქმით, შესაბამისი კანონის ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება და კანონს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

„კომისიის თავმჯდომარის არჩევის დროს გაჩნდა კითხვები და ვიტყოდი სრულიად ლეგიტიმური. ჩვენ იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, რომ კანონი, რომლითაც თავმჯდომარის წარდგინება მოხდა, ვფიქრობ, რომ არაკონსტიტუციურია. არაკონსტიტუციური კანონი უნდა გამოსწორდეს და მასში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს. გამომდინარე აქედან, ძალიან მალე კანონის ინიცირება გვექნება, კანონს დაჩქარებული წესით განვიხილავთ. რეგულაციები, რომელიც ახალი თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით იქნება შემოთავაზებული, იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისი. ვფიქრობ, რომ რეგულაცია იმდაგვარი იქნება, რომ წევრების წარდგენა პრეზიდენტის მიერ მოხდება, თუმცა თავმჯდომარის არჩევა ვფიქრობ, რომ თავად კომისიის წევრების პრეროგატივა უნდა იყოს",-აცხადებს კახიანი.

მისივე თქმით, კარგია, რომ სემეკ-ის თავმჯდომარის გამწესება არასწორი ფორმით არ მოხდა.

„ვფიქრობ, რომ დროული იყო რეაგირება, რომელიც პარლამენტმა მოხდინა. ფაქტია, უნდა ვაღიაროთ, რომ შეცდომა გაიპარა, ეს რატომ მოხდა მოდით, ამაზე ნაკლები ვილაპარაკოთ. მთავარია, რომ დროულად მოხდა შეცდომის იდენტიფიცირება და ყველაფერი გამოსწორდება ისე, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს",-განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადადო. კენჭისყრის გადადების მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე ნარმანიას ნომინირების პროცედურა გახდა.

კენჭისყრა მას შემდეგ გადაიდო, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ სემეკ-ის წევრების წარდგენის უფლება აქვს და თუ პარლამენტი ნარმანიას კანდიდატურას კენჭს უყრიდა, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა.

გიორგი კახიანი ადასტურებს, რომ სემეკის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე კონსტიტუცია და შესაბამისი კანონი ერთმანეთთან  წინააღმდეგობაში მოდის
დავით ნარმანია სემეკის თავჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის კენჭისყრის გადადებაზე - თუ თვლიან, რომ საკანონმდებლო ხარვეზია, ის უნდა გასწორდეს
პარლამენტმა სემეკის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადადო