დევნილებს ქვეყნის დატოვების ვადა სამ თვემდე ეზრდებათ, ისე, რომ დახმარება აღარ შეუჩერდებათ

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც დევნილებს ქვეყნის დატოვების ორთვიანი ვადა სამ თვემდე ეზრდებათ ისე, რომ მათ დახმარება არ შეუჩერდეთ.

დეპუტატებმა მესამე მოსმენით (85 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი) მხარი დაუჭირეს დეპუტატ ადა მარშანიას ინიციატივით მომზადებულ დევნილთა შესახებ კანონში ცვლილებას.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, დევნილს შემწეობა შეუწდება, თუ იგი 3 თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ ამჟამად მოქმედი კანონით, ეს ვადა 2 თვით არის განსაზღვრული.