იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც 314 ადამიანი დაიღუპა და 5 212 დაშავდა

2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 314 ადამიანი და დაშავდა - 5 212. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოსა და დედაქალაქში საგზაო შემთხვევათა და დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა დაღუპულობა გაზრდილია.

„მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე დაიღუპა 14 (16 წლამდე მოზარდი), ხოლო დაშავდა 579 მოზარდი.

დედაქალაქში 2019 წლის იანვარ-აგვისტოში სულ 1820 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რა დროსაც 64 ადამიანი დაიღუპა, 2182 დაშავდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ 3904 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 333 ადამიანი, დაშავდა - 5546. 2018 წლის ამავე პერიოდში სულ მოხდა 4196 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა - 307 და დაშავდა 5989 ადამიანი.

დედაქალაქში, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ 1926 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 62 და დაშავდა 2405 ადამიანი. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დედაქალაქში 1996 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 63 ადამიანი დაიღუპა, 2464 - დაშავდა.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე მოზარდების სტატისტიკას, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-აგვისტროში 15 მოზარდი გარდაიცვალა, 631 - დაშავდა. 2018 წლის ამავე პერიოდში გარდაცვლილია 13 მოზარდი, დაშავებულია - 646.