Visa და Mastercard-ი კრიპტოვალუტა Libra-ს დაფინანსებას არ აპირებენ

Visa და Mastercard-ი და სხვა ფინანსური კომპანიები Libra-ს შემუშავებაზე Facebook-თან თანამშრომლობას არ აპირებენ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, სავარაუდო უარის მიზეზი ამ კრიპტოვალუტის მიმართ ევროპისა და ამერიკის ხელისუფლებების მხრიდან კრიტიკა გახდა.

ცნობისათვის, ივლისში ამერიკის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია „სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ Libra შესაძლოა, გამოიყენონ ფულის გათეთრებით დაკავებულმა პირებმა, ასევე ფინანსური ტერორიზმისთვის“. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ Libra-ს ექნება დაბალი სტაბილურობა და სანდოობა. დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა კი გაფრთხილება გამოთქვეს, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტა ნეგატიურ გავლენას იქონიებდა საერთაშორისო სავალუტო სისტემაზე.

როგორც ცნობილია, კომპანია Facebook გეგმავს უკვე მომავალ წელს მიმოქცევაში ჩაუშვას ციფრული ვალუტა Libra. მათივე თქმით, ამ ვალუტის ფუნქციონირება მოხდება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით. მანამდე რიგმა ამერიკულმა ფინანსურმა კორპორაციებმა, მათ შორის Visa, Mastercard, PayPal და Uber განაცხადეს, რომ აპირებდნენ 10 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადებას კონსორციუმში, რომელიც მართავდა Libra-ს.

კოკა კვირკველია