სავაჭრო ცენტრი „თერგი“, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაზღვეულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „თერგი 1“-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე იაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე ზარალის ოდენობა უცნობია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათ დაზღვევა აქვთ, ზარალი ანაზღაურდება.
„მეხანძრეებმა ძალიან ოპერატიულად იმუშავეს. ახლა დაასრულეს სამუშაო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან შესული, რომლებიც დაადგენენ საერთოდ რამ გამოიწვია ეს ხანძარი. შემდგომ ალბათ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებიც მოვლენ.
რამდენადაც ჩვენ ვიცით, თვითონ მეპატრონეს დაზღვეული აქვს თავისი პროდუქცია. გარდა ამისა, ჩვენს სავაჭრო ცენტრს მესამე პირის დაზღვევა გვაქვს გაკეთებული, დაზღვეული ვართ და თავისთავად ზარალსაც ავანაზღაურებთ,“ -განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.
მისი თქმით, გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 250 კვ.მ. ფართობზე, სათამაშოების საწყობი დაიწვა.